ევროპარლამენტი მარია კალიურანდი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კრიზისი ქვეყანაში არჩევნების შემდეგ დაიწყო. მისი შეფასებით, ვითარება საქართველოში რთულია, თუმცა გამოსავალი უნდა გამოინახოს.
ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტსა და მედიაციას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მიშელის ჩართულობის იმედი აქვს.
"ხვალ საქართველოში არსებულ მდგომარეობას განვიხილავთ. ვითარება რთულია. ვერ ვიტყვი რომ კრიზისი გასულ კვირას დაიწყო. ის არჩევნების შემდეგ გრძელდება, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის ესკალაცია მოხდა. იმედი მაქვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციის, მისი პირადი ჩართულობის, საქართველოში ვიზიტის და მედიაციაში მონაწილეობის სურვილის.
კოვიდ კრიზისის და იმ ვითარების ფონზე, რაც ახლა ევროკავშირშია, მისი პირადი ჩასვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესი უკვე დაიწყო და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებობს რთული სიტუაციის მოგვარების გზა. არ ვაპირებ შევიცვალო შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი. პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება. დროა გადავლახოთ პარტიული ინტერესები და პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესები ვაქციოთ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ფორმულასთან საუბარში.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.
თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება.
მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა.